სტეპ სკოლის 20-მდე მასწავლებელმა წარმატებით გაიარა გადამზადება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა “უსაფრთხოება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში” და “აქტიური სწავლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში“.
საბუნებისმეტყველო საგნებში კონსტრუქტივისტული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე, პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლება. აღნიშნული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
რას ნიშნავს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება?
სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება. ამიტომ ამ საგნების მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, უპირველეს ყოვლისა, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს. სწავლების ეს ფორმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იმეორებს რეალურ მეცნიერულ სამუშაოს და მისი ძირითადი პრინციპები სასწავლო კონტექსტში გადააქვს.
რას ნიშნავს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება?
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს ავთენტური, რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე დაფუძნებულ სწავლებას. პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა დამოკიდებულია პრობლემის გააზრების უნარზე – თუ რა არის პრობლემის არსი, რა მიზანს უნდა მივაღწიოთ პრობლემის გადაჭრის შედეგად, რა გზები უნდა გამოვიყენოთ მის გადასაჭრელად. ამ ტიპის სწავლისათვის საჭიროა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამოყენება.
რას ნიშნავს პროექტზე დაფუძნებული სწავლება?
პროექტის მეთოდით სწავლა შეიძლება განვმარტოთ, როგორც გარკვეული მიზნით განხორციელებული საკლასო ან გუნდურ აქტივობათა ერთობლიობა – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, ცოდნის ტრანსფერის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ტერმინი ,,სასწავლო პროექტი“ ხშირად გვხვდება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და პედაგოგიურ ლიტერატურაში. სულ უფრო მეტი მკვლევარი და პრაქტიკოსი პედაგოგი თანხმდება იმაზე, რომ სასწავლო პროექტი ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთი ძალზე ეფექტური და მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებასა და ეფექტურ თანამშრომლობას გულისხმობს.
გაეცანი სტეპ სკოლის პროგრამებს, ხოლო მიღების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის შესაძლებელია, ასევე, მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია.